საიდუმლო ორგანიზაციები


● თავის ქალა და ძვლები
თავის ქალისა და ძვლების ორდენი, იელის უნივერსიტეტის საიდუმლო საზოგადოება, თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც „სიკვდილის საძმო”. ეს არის აშშ-ის სტუდენტთა ერთ-ერთი უძველესი საიდუმლო ორგანიზაცია. დაარსდა 1832 წელს და მასში გაწევრიანების საშუალება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. მისი წევრები დღემდე ატარებენ მასონურ რიტუალებს, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იკრიბებიან სპეციალურ შენობაში, რომელსაც ეძახიან „აკლდამას”.

იელის უნივერსიტეტის არქივის გამგისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ჯუდი შიფის თქმით, ორგანიზაციის წევრთა ვინაობა 70-იან წლებამდე გასაიდუმლოებული არ იყო, რიტუალები კი მაშინაც ტარდებოდა. იელში სწავლის პერიოდში მისი წევრები იყვნენ მამა-შვილი ბუშები. სხვა წევრებმაც ასევე წარმატებას მიაღწიეს და სახელი გაითქვეს.

თავის ქალისა და ძვლების შესახებ ბევრი შეთქმულების თეორიაა გავრცელებული. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) დაფუძნებულია ამ ორგანიზაციის წევრებზე. თუმცა სააგენტომ 2007 წელს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეს მოსაზრება უარყოფილია.


 


● თავისუფალი მასონები
დიდი მასონური ლოჟა შეიქმნა 1717 წელს, როცა 4 პატარა ჯგუფი გაერთიანდა, სათავეს კი მე-16-17 საუკუნეებიდან იღებს. თავიდან წევრები იყოფოდნენ პირველი და მეორე ხარისხის კატეგორიებად, მაგრამ 1750-იანებში დაემატა მესამე ხარისხიც, რამაც ჯგუფის დაყოფა გამოიწვია. მესამე საფეხურზე მიღწევისას ორგანიზაციის წევრს უწოდებენ „ოსტატ მასონს”.

მასონები თავიანთ რეგულარულ შეხვედრებს რიტუალურ სტილში აწყობენ, განუყრელი ატრიბუტებია ფარგალი და გონიო. ღმერთს ისინი აღიქვამენ, როგორც „სამყაროს დიდ არქიტექტორს”. მათი 3 მთავარი ხარისხია: ახალბედა შეგირდი, რომელსაც ორგანიზაციის წევრობის უფლება მიეცა. ხელოსანი, რომელიც მასონთა შესახებ შემდგომი ცოდნის მიღების პროცესშია. ოსტატი მასონი, რომელიც მასონურ რიტუალებში მონაწილეობს. თუმცა ზოგიერთ ლოჟაში, მაგალითად შოტლანდიურში, 33 საფეხური არსებობს.

მასონები იყენებენ ნიშნებსა და ჟესტებს, რათა შეხვედრაზე შესვლის უფლება მოიპოვონ, ასევე ამოიცნონ სხვა ორგანიზაციის მასონები. თუმცა ეს ნიშნები განსხვავდება ლოჟების მიხედვით და დროდადრო ცვლილებებს განიცდის. ეს იმისთვის ხდება, რომ მაქსიმალურად შეამცირონ უცხო პირების დაშვების ალბათობა. მასონები ასევე ატარებენ სპეციალურ სამოსებს, რომლებიც შუა საუკუნეების ქვისმთლელების ჩაცმულობის მიხედვითაა შექმნილი.

მასონად გახდომისთვის აუცილებელია რეკომენდაცია უკვე მოქმედი მასონისგან. რიგ შემთხვევაში რეკომენდაციების რაოდენობა შეიძლება 3 იყოს. გარდა ამისა, მომავალი წევრი უნდა იყოს სრულწლოვანი, პატიოსანი და ღირსეული ადამიანი. მასონებს თავს ესხმის ბევრი რელიგია, განსაკუთრებით კათოლიკური სამყარო. ამჟამინდელი პაპის, ბენედიქტე მე-16-ის განცხადებით: „მასონობა უდიდესი ცოდვაა კათოლიკესთვის”. გერნოტ რიბენშტაინის, გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის წევრის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ მასონებში ყველა ერთიანი და თანასწორია.

 


● როზენკრეიცერები
ითვლება, რომ როზენკრეიცერების ორდენის შექმნის იდეა თავში მოუვიდათ გემანელ პროტესტანტებს, რომლებმაც 1600-იან წლებში გამოუშვეს სამი დოკუმენტი: Fama Fraternitatis Rosae Crucis (ვარდისა და ჯვრის საძმოს გზავნილი), Confessio Fraternitatis (საძმოს აღსარება) და The Chymical Wedding of Christian Rosenkreutz anno 1459 (ქრისტიან როზენკრეიცის ქიმიური ქორწინება, 1459 წელი). ეს დოკუმენტები ისე ფართოდ გავრცელდა და იმდენად გავლენიანი იყო, რომ ისტორიკოსმა ფრანსის იეტსმა მე-17 საუკუნეს უწოდა „როზენკრეიცული განათლების პერიოდი”. პირველი დოკუმენტი გვიამობს მისტიკურ ალქიმიკოსზე, რომელმაც მსოფლიოს მრავალ ადგილას იმოგზაურა საიდუმლო ცოდნის მოპოვების მიზნით. მეორე დოკუმენტში ასახულია ალქიმიკოსთა საიდუმლო საძმო, რომელიც აპირებდა, ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური სახე შეეცვალა. მესამე დოკუმენტი მოგვითხრობს ქრისტიან როზენკრეიცზე, რომელიც მიიწვიეს მეფისა და დედოფლის „ქიმიურ” ქორწილზე საოცრებათა სასახლეში.

როზენკრეიცერების ორდენის დღევანდელი წევრები ამტკიცებენ, რომ მათი საძმო გაცილებით ძველია, ვიდრე ის სამი დოკუმენტი. დოკუმენტებში იგრძნობა სიმპათია ლუთერანთა მიმართ და უარყოფითი დამოკიდებულება კათოლიკეებთან მიმართებაში. სავარაუდოდ, საძმომ გავლენა მოახდინა მასონებზეც, რადგან შოტლანდიური წესით, მე-18 ხარისხის მასონს „წითელი ჯვრის რაინდი” ეწოდება.

დღეს როზენკრეიცერების ბევრი განშტოება არსებობს და ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ ორიგინალთან ახლოსაა. ორი ძირითადი შტოდან ერთს შეთვისებული აქვს ქრისტიანული იდეოლოგიის პრინციპები, მეორე კი უფრო მეტად მასონურს ჩამოჰგავს.

 


● Ordo Templis Orientis, ანუ აღმოსავლეთის ტაძრის ორდენი
ეს ორგანიზაციაც მიაგავს მასონურს, მაგრამ მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, „დიდი მხეცის” ალისტერ კროულის გავლენით, ასევე შეტანილია რელიგიური სისტემის, თელემას ელემენტებიც. თელემა დაფუძნებულია უბრალო კანონზე: „აკეთე ის, რასაც კანონი მოითხოვს, კანონი კი სიყვარულია”. წევრებს ენიჭებათ სხვადასხვა ხარისხი გამოცდილებასთან ერთად, ასევე ტარდება მაღალ დონეზე ორგანიზებული რიტუალები. დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით ორდენს 3000 წევრამდე ჰყავს.

კროულიმ ორდენის წევრებისგან შექმნა ერთობა, რომელსაც უწოდა „გნოსტიკური მასა”. რიტუალების დროს ადიდებენ ბუნების ძალებს. აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ქალწული ქურუმები, ჩვეულებრივი ქურუმები და ბავშვები. მოუწოდებენ ბევრ უძველეს ღვთაებას, ძირითადად ეგვიპტურებს, ასევე ლუციფერს. ქურუმი კი ამ დროს შიშვლდება და სარიტუალო მოძრაობებს ასრულებს.

 


● ოქროს განთიადის ჰერმეტული ორდენი
ორდენის ფუძემდებლები არიან დოქტორი უილიამ რობერტ ვუდმენი, უილიამ ვაინ ვესტკოტი და სამუელ ლაიდელ მაკგრეგორ მატერსი. სამივე მათგანი იყო თავისუფალი მასონი და ინგლისური როზენკრეიცერების საძმოს წევრი (რომელსაც თავის მხრივ, მჭიდრო კავშირი აქვს მასონებთან). ბევრი მკვლევარის მიერ მიჩნეულია, რომ ამ ორდენის წევრებმა ჩაუყარეს საფუძველი აღმოსავლეთის ტაძრის ორდენსა და თანამედროვე ოკულტური ჯგუფების უმეტესობას.

ოქროს განთიადის ჰერმეტული ორდენის წევრთა რწმენის სისტემა დაფუძნებულია ქრისტიანულ მისტიციზმზე, კაბალაზე, ჰერმეტიზმზე, უძველეს ეგვიპტურ რელიგიებზე, თავისუფალი მასონების იდეოლოგიაზე, ალქიმიაზე, თეოსოფიაზე, მაგიასა და რენესანსის პერიოდის ნაშრომებზე. ყველაზე ცნობილი წევრები არიან უილიამ იეტსი და ალისტერ კროული.

ორდენის ფუნდამენტური დოკუმენტები ცნობილია, როგორც „შიფრის დოკუმენტები”. დოკუმენტები შედგება 60 ფოლიოსგან, რომელშიც ასახულია მაგიური რიტუალები. რიტუალთა უმეტესობა, როგორც ჩანს, სათავეს იღებს როზენკრეიცერებიდან.

 


● ტაძრის რაინდები
სრული სახელია: ტაძრის, წმინდა იოანე იერუსალიმელის, პალესტინის, როდოსისა და მალტის გაერთიანებული რელიგიური, სამხედრო და მასონური ორდენი. ეს არის თანამედროვე ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი არ აქვს ორიგინალ ტამპლიერებთან – რელიგიურ-სამხედრო ორგანიზაციასთან, რომელიც მე-12 საუკუნეში შეიქმნა. მის წევრებს ამაზე არც აქვთ პრეტენზია, ამბობენ, რომ მათგან მხოლოდ იდეები და სიმბოლოები ისესხეს.

ორდენის წევრი რომ გახდეთ, უნდა იყოთ ქრისტიანი ოსტატი მასონი. თავისუფალი მასონების მხარე უარყოფს, რომ მათთან რამე კავშირი აქვთ, თუმცა შეინიშნება აშკარა მსგავსება წყობასა და იერარქიაში. ასევე არიან მასონები, არამასონები და ანტიმასონებიც კი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთთან თანამშრომლობს.

 


● ილუმინატები
ამ სახელს ბევრი დაჯგუფება ატარებდა, ისტორიული თუ თანამედროვე, რეალური თუ გამოგონილი. თუმცა უმეტესად მასში გულისხმობენ ბავარიულ ილუმინატს, რომელიც 1776 წლის 1-ლ მაისს დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ და 5 წევრისგან შედგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი საქმიანობის უფლება არ ჰქონდა, ორგანიზაციის წევრები იყვნენ იმ პერიოდის გავლენიანი ინტელექტუალები და პროგრესული პოლიტიკოსები. მიუხედავად იმისა, რომ მასში რამდენიმე ცნობილი მასონიც იყო გაწევრიანებული, ილუმინატების საზოგადოება არ აღიქმება თავისუფალ მასონთა მოკავშირედ. იმ ფაქტმა, რომ გაწევრიანებისთვის არაა საჭირო შემოქმედის არსებობის რწმენა, ეს საზოგადოება განსაკუთრებით პოპულარული გახადა ათეისტებში. ეს და ასევე ის ფაქტიც, რომ ილუმინატების დიდი ნაწილი ჰუმანიზმის (პროგრესული მიმდინარეობა, რომელმაც გამოაცხადა პიროვნების თავისუფალი განვითარების პრინციპი, ადამიანის განთავისუფლება ფეოდალიზმისა და კათოლიციზმის ბორკილებისაგან) მიმდევარია, ბევრს აფიქრებინებს, რომ მათი მიზანი ორგანიზებული რელიგიების გაქრობაა.

არსებობს ორი ვერსია ილუმინატების წარსულზე – პირველის მიხედვით, მთავრობების მიერ განხორციელებული ზეწოლის გამო ილუმინატთა საზოგადოება დაიშალა მე-18 საუკუნის მიწურულს, ხოლო მეორე ვერსია ამბობს, რომ მათ იატაკქვეშ განაგრძეს არსებობა და შესაძლოა, „თავის ქალა და ძვლები” ილუმინატთა ამერიკულ განშტოებას წარმოადგენდეს. მრავალ ადამიანს სჯერა, რომ ილუმინატები ისევ მოქმედებენ და მსოფლიო მთავრობების ძირითადად ქმედებებს წარმართავენ. შეთქმულების თეორიის მიხედვით, მათი სურვილია ერთიანი მსოფლიო წყობის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჰუმანისტურ და ათეისტურ იდეოლოგიაზე.

 


● ბილდერბერგის ჯგუფი
ეს საზოგადოება იმით განსხვავდება სხვა ორგანიზაციებისგან, რომ მას არ აქვს წევრთა ოფიციალური სია. ბილდერბერგის ჯგუფი მოიცავს გავლენიან ადამიანებს, რომლებიც წელიწადში ერთხელ აწყობენ საიდუმლო შეხვედრას, რასაც, როგორც წესი, თან ახლავს გაძლიერებული სამხედრო დაცვა. ჯგუფი შეიქმნა 1954 წელს, ამ წელს შედგა პირველი შეხვედრაც ჰოლანდიის სასტუმრო ბილდერბერგში. საკითხები, რაც შეხვედრებზე განიხილება, საიდუმლოდ ინახება. შეხვედრის ადგილები, როგორც წესი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევითაა შესაძლებელი. ჯგუფი აერთიანებს ძალაუფლების მქონე ხალხს პოლიტიკიდან, ბიზნესიდან, საბანკო, სამხედრო და მედიის სფეროდან. შესაბამისად, ორგანიზაცია მათი მფარველობით სარგებლობს. ვისაც აქვს ბედნიერება და სხდომას დაესწრება, წინასწარ დებს ფიცს, რომ არ გათქვამს უმნიშვნელო დეტალსაც კი, რასაც იქ მოისმენს. ალბათ, იმის თქმა საჭირო აღარაა, რომ ბილდერბერგის ჯგუფის შესახებ უამრავი შეთქმულების თეორია და მოსაზრება არსებობს.

 


● სიონის პრიორატი
დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდის” გამოსვლის შემდეგ გაიზარდა საზოგადოების ინტერესი სიონის პრიორატის მიმართ. საერთოდ, სიონის პრიორატი ეწოდება რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციას, რომლიდანაც ზოგი ფიქციურია, ზოგი ასე თუ ისე რეალური. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან არის 1956 წელს საფრანგეთში პიერ პლანტარდის მიერ აღმოჩენილი ორგანიზაცია, რომელიც გადმოცემის მიხედვით, შექმნა ბოლონის გრაფმა გოტფრუამ. პრიორატის არქივების მიხედვით, მათ წვლილი მიუძღვით ტამპლიერების ორდენის შექმნაში და მათი მართვაც ძირითადად აქედან ხორციელდებოდა.

ორგანიზაციამ რამდენჯერმე გამოაქვეყნა განცხადებები, რომელშიც ნათქვამია, რომ მათთან ინახება წმინდა გრაალი, ტამპლიერების განძი და მრავალი საკრალური ნივთი. მაგრამ მათი წარდგენა საზოგადოების წინაშე მოხდება მაშინ, როცა ამას თავად გადაწყვეტენ, რადგან განძთან ერთად იქ ინახება უძველესი ცოდნაც. ასევე ამტკიცებენ, რომ აქვთ ცოდნა იესო ქრისტესა და მისი „ცოლის”, მარიამ მაგდალინელის შთამომავლებზე. პრიორატის ჩანაწერების მიხედვით, ისტორიის მანძილზე მისი ცნობილი წევრები იყვნენ: ნიკოლა ფლამელი, სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, რობერტ ბოილი, ისააკ ნიუტონი, ვიქტორ ჰიუგო.

 


● ოპუს დეი, ანუ ღმერთის ნაშრომი
ოპუს დეი არის კათოლიკური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანის დანიშნულებაა უბიწოდ ცხოვრება და სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა გზა სიწმინდისკენ. ორდენი დაარსდა ესპანეთში 1928 წელს კათოლიკე მღვდლის ჯოზემარია ესკრივას მიერ, რომის პაპ პიუს XII-ის კურთხევით.

„და ვინჩის კოდში” დენ ბრაუნი ირწმუნებოდა, რომ ოპუს დეი არის საიდუმლო ორგანიზაცია კათოლიკე ეკლესიის შიგნით, რომლის მიზანია, დაშალოს სიონის პრიორატის საზოგადოება და მსოფლიოს ამცნოს ჭეშმარიტება ქრისტიანობის რეალური არსის შესახებ. დენ ბრაუნამდე და მის შემდეგ ბევრჯერ ყოფილა კამათი ამ ორგანიზაციის შესახებ, მათი განსაკუთრებულად მკაცრი რელიგიური სტრუქტურის გამო.

ორგანიზაციის წევრთა უმეტესობა საერო პირებია. ისინი ადამიანებს მიიჩნევენ ნაშრომად, ღმერთის შემოქმედებად, ამიტომაც ეწოდა ორგანიზაციას ეს სახელი. 2010 წელს წევრების რაოდენობა 90 000-ს გადასცდა, მათგან 2015 მღვდელია. ოპუს დეის წევრები 90 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, მათ 70%-ს ოჯახი ჰყავს, დანარჩენი 30% კი ცელიბატია.

FavoriteLoading ჩაინიშნე პოსტი
  1. უცნაურის პოსტი :D

  2. მე ვხედავ, რომ ფოტო “თავის ქალა და Bones”, სადაც გიორგი HW ბუში სურათები აქვს ნამდვილი თავის ქალა და ძვლები of მშობლიური ამერიკული ტომის ლიდერი Geronimo რომლებიც მოპარული მისი საფლავი ფორტ Sill in Oklahoma ამ საიდუმლო საზოგადოებაში. თავის ქალა და Bones იყენებს რეალურ ქალა of Geronimo მათ cerimonies. მათ დაჭრილი შევიდა თავის ქალა და გამოიყენოს იგი როგორც საარჩევნო ყუთი, როდესაც ისინი რაოდენობა საზოგადოებაში. ერთი femar ძვლების წერია “THOR” ამისთვის ღმერთი Thunder. შთამომავლები Geronimo მინდა მოპარული ძვლები უნდა დაუბრუნდეს ოჯახს და დაკრძალვის ერთხელ, სადაც მათ ეკუთვნის. საზოგადოების Skull და Bones ზე იელის უნივერსიტეტში არ აღიარებს მათ აქვთ ძვლები და Geronimo ან, რომ ამ ადამიანის ძვლების ფაქტობრივად მოიპარეს. შეერთებული შტატების ყოფილ Attorey საერთო პრეზიდენტობის დროს ლინდონ ჯონსონი, უილიამ Ramsey Clark აქვს შეტანილი საქმე თავის ქალა და ძვლების და იელის უნივერსიტეტის ამერიკის ფედერალური სასამართლოს აქვს ძვლების of Geronimo დაბრუნდა ოჯახის Geronimo.

Leave a Comment


NOTE - You can use these HTML tags and attributes:
<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>