სასკოლო ხოცვა-ჟლეტებისას წარმოთქმული ცნობილი ფრაზები


უცნაური და ტვინის ამრევი საკითხია, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს, შევიდეს სკოლაში და მოსწავლეების ხოცვა დაიწყოს? 2012 წელს საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა სპეციალური პროგრამები შეიმუშავეს, რომელთა მიზანია, შეამციროს მსგავსი შემთხვევების მოხდენის ალბათობა და მოსწავლეებში აგრესია გაანელოს. სკოლებმა უფრო მეტად გაამკაცრეს მეთვალყურეობა და შენობაში იარაღის ტარებაზე კონტროლი. სამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ეკიდებიან ინტერნეტში განთავსებულ მუქარის წერილებსაც.

იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც სკოლაში მოსწავლეებს ხოცავს, შემთხვევიდან მალევე თავს იკლავს. ეს სავარაუდოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ დამნაშავეებს არ სურთ მათი ქმედების მნიშვნელობისა და შედეგის გაცნობიერება. ამის გამო პოლიციასაც არ ეძლევა მათი დაკითხვის და შესაბამისად, მოტივის გამოაშკარავების საშუალება. ამ ტიპის მკვლელები დანაშაულის ჩადენის მომენტში ჩუმად არიან და იშვიათად ლაპარაკობენ, მაშინაც ლაკონური ფრაზებით შემოიფარგლებიან. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი ადამიანები უმეტესწილად საზოგადოებისგან გარიყულნი არიან, მსხვერპლთა დახოცვისას კი ახასიათებთ შეუბრალებლობა და საერთოდ არ განიცდიან სინდისის ქენჯნას.


 
 

● ფრონტიერის საშუალო სკოლა
„ეს ალგებრაზე უფრო მაგარია, არა?”

1996 წლის 2 თებერვალს 14 წლის ბიჭი ბარი ლუკაიტისი შევიდა ფრონტიერის სკოლაში (ვაშინგტონის შტატი, აშშ) და დახოცა თავისი ალგებრის მასწავლებელი და 2 მოსწავლე. ლუკაიტისს ისე ეცვა, როგორც ველური დასავლეთის დუელში მონაწილეებს, ასევე მოსხმული ჰქონდა შავი ლაბადა, შეიარაღებული იყო სანადირო თოფითა და 2 პისტოლეტით. კლასში შესვლისას სახეზე მრისხანება ეტყობოდა და მაშინვე დაიყვირა: „ეს ალგებრაზე უფრო მაგარია, არა?” ფრაზა მან ამოიკითხა სტივენ კინგის ნოველაში „მძვინვარება”.

„მძვინვარება” 1977 წელს გამოვიდა, ავტორის ფსევდონიმი რიჩარდ ბახმანი იყო. ნოველა გვიამბობს ერთ მოსწავლეზე, რომელმაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყო და სხვებთან ერთად ალგებრის მასწავლებელიც იმსხვერპლა. ფრონტიერის სკოლის შემთხვევის გარდა, წიგნი კიდევ 3 მსგავს მოვლენასთანაა დაკავშირებული. ამის გამო სტივენ კინგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ წიგნის ბეჭდვა და გაყიდვა შეწყვეტილიყო. აღსანიშნავია, რომ ლუკაიტისის მიერ წარმოთქმული ფრაზა სიტყვა-სიტყვით არ გვხვდება ნაწარმოებში. მასთან ყველაზე ახლოსაა ჩარლი დეკერის ციტატა: „ეს ნამდვილად უფრო მაგარია, ვიდრე საცვლების მოპარვა”.

ბარი ლუკაიტისს მოსწავლეები 10 წუთის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული, სანამ ფიზკულტურის მასწავლებელმა ჯონ ლეინმა არ შეაღწია ოთახში და მოძალადე იატაკზე დააგდო. სასამართლო პროცესზე ლუკაიტისის დაცვისას იერიში მიიტანეს მედიაზე, გააკრიტიკეს ჯგუფ Pearl Jam-ის ვიდეკლიპი Jeremy, ფილმები „მკვლელებად დაბადებულნი” და „კალათბურთელის დღიურები”, ასევე ცხადია, ნოველა „მძვინვარებაც”. ლუკაიტისის ადვოკატები ამბობდნენ, რომ ბრალდებული მკვლელობის მომენტში მეთილფენიდატით (იგივე რიტალინი) იყო გაბრუებული. ბარი ამტკიცებდა, რომ პერსონაჟი ჩარლი დეკერი მისთვის მისაბაძი იყო და ცდილობდა, მისნაირი ცხოვრება ჰქონოდა. მიუხედავად ასაკისა, ლუკაიტისს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა შეწყალების უფლების გარეშე.

 

● ჰიტის სკოლა
„გთხოვთ, მომკალით.. ვერ ვიჯერებ, რომ ეს მე ჩავიდინე..”

1997 წლის 1-ლ დეკემბერს 14 წლის ბიჭმა მაიკლ კორნილმა კენტუკის შტატში მდებარე ჰიტის სკოლაში დაუნდობელი ხოცვა მოაწყო. ორი პისტოლეტი და ორი შაშხანა მან ზეწარში გაახვია და სკოლაში ისე შეიტანა, როგორც ხელოვნების პროექტი. ზურგჩანთაში კი დამატებით .22 კალიბრიანი პისტოლეტი ედო. მისვლისას მან ყურის ტამპონები გაიკეთა, პისტოლეტი ამოიღო და სკოლის გარეთ მყოფი მლოცველთა ჯგუფის მიმართულებით სროლა ატეხა. ამის შედეგად სამი გოგონა დაიღუპა და 5 დაიჭრა.

გადარჩენილი ბენჯამინ სტრონგის მონაყოლის მიხედვით, როცა კორნილმა სროლა შეწყვიტა, იარაღი მიწაზე დააგდო და წამოიძახა: „გთხოვთ, მომკალით.. ვერ ვიჯერებ, რომ ეს მე ჩავიდინე..” შემდეგ ხელები ზემოთ აწია და ჩაბარდა სკოლის დირექტორს ბილ ბონდს. კორნილი ინგლისურის მასწავლებელმა დაკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიზმარში ვიყავი და გავიღვიძე.” ეს ციტატა ესადაგება ფილმ „კალათბურთელის დღიურების” სცენას. ფილმში ლეონარდო დიკაპრიოს გმირს ესიზმრება, რომ კლასში შედის და ადამიანებს ხოცავს. კინემატოგრაფიის ისტორიაში ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გახდა.

1998 წლის ოქტომბერში მოსამართლე ჯეფ ჰაინსმა გაითვალისწინა კორნილის ჩვენება, რომ ის თავს დამნაშავედ გრძნობდა, ასევე მისი გონებრივი ავადმყოფობა. მას მიესაჯა სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა შეწყალების თხოვნის უფლებით არანაკლებ 25 წლის შემდეგ (2023 წ.). კორნილს ჩაუტარეს გამოკვლევა და დაუდგინდა შიზოფრენია. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების ხოცვისას მას თან ჰქონდა სტივენ კინგის ნოველა „მძვინვარება”. როცა კორნილს ჰკითხეს, ენახა თუ არა მსგავსი რამ მანამდე, რაც თვითონ ჩაიდინა, უპასუხა: „დიახ, ფილმ «კალათბურთელის დღიურებში».”

 

● დენდერმონდე
„კითხვა მაქვს”

16 წლის ასაკიდან კიმ დე გელდერმა უცნაურად მოქცევა დაიწყო. ის მუდამ მუქი ტანსაცმლით იმოსებოდა და შეპყრობილი გახდა კომიქსებზე დაფუძნებული ფილმით „The Dark Knight”, სადაც ჯოკერის როლს ჰიტ ლეჯერი ასრულებს. 2009 წლის 23 იანვარს, ლეჯერის სიკვდილიდან 1 წლისა და 1 დღის შემდეგ, 20 წლის გელდერი შევიდა ფაბელტიესლანდის საბავშვო ბაღში (დენდერმონდე, ბელგია) და პატარა ბავშვებს დანით დაესხა თავს. მისი ჩაცმულობა ჰგავდა ლეჯერის მიერ განსახიერებული ჯოკერისას, ჰქონდა თეთრი მაკიაჟი და წითელი თმები.

კიმ დე გელდერმა გეზი აიღო ოთახისკენ, სადაც 24 ადამიანი იმყოფებოდა (მათგან 18 მაქსიმუმ 3 წლის იყო) და 15 მათგანზე თავდასხმა განახორციელა. შეტაკებისას 3 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 2 ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო, 1 წელზე ნაკლები ასაკის. ასევე სერიოზულად დაშავდა 1-3 წლის 6 ბავშვი, 4-მა კი მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ გელდერმა მოქმედების ადგილი დატოვა და გაიქცა, მაგრამ პოლიციამ მოახერხა მისი შეპყრობა ახლომდებარე ქალაქ ლებეკეში. გაჩხრეკისას აღმოჩნდა, რომ გელდერს თან ჰქონდა საბავშვო ბაღების სია, რომლებსაც ალბათ შემდგომში უნდა დასხმოდა თავს. ასევე შეიარაღებული იყო 3 დანითა და ნაჯახით. პოლიციელებთან უცნაურად იქცეოდა და არაბუნებრივად იცინოდა. როცა ჰკითხეს, რას აკეთებდა, მხოლოდ ერთი ფრაზით უპასუხა: „კითხვა მაქვს.”

ეს უცნაური ციტატა გვაგონებს სცენას „The Dark Knight”-იდან, როცა ჯოკერი დაუპატიჟებლად შევარდება წვეულებაზე და ჰარვი დენტს ეძებს. „მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, სად არის ჰარვი დენტი?”, ამბობს ლეჯერის გმირი, სანამ ერთ-ერთ ქალს დანით დაემუქრება. ჟურნალისტებმა ადვილად გაავლეს პარალელი ბეტმენის ფილმსა და გელდერის ქცევებს შორის, მათ შორის საყურადღებოა ისიც, რომ გელდერი წარმოადგენს ლეჯერის ანაგრამას (Gelder/Ledger).

 

● წითელი ტბის სკოლა
„გწამს ღმერთის?”

აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ხოცვა-ჟლეტა მინესოტას შტატში მოხდა, «წითელი ტბის» სკოლაში. 2005 წლის 1-ლ მარტს 16 წლის ბიჭმა ჯეფრი ვაისმა მოკლა საკუთარი ბაბუა (რომელიც პოლიციის ოფიცერი იყო) და შემდეგ «წითელი ტბის» სკოლისკენ გაეშურა ბაბუამისის იარაღებით, მათ შორის .40 კალიბრის Glock 23 პისტოლეტით და Remington 870 საფანტის თოფით. სკოლის შენობაში შესვლისთანავე ვაისმა მოკლა უიარაღო მცველი, რომელიც მეტალის დეტექტორს მეთვალყურეობდა.

ამის შემდეგ ვაისმა აქეთ-იქით სიარული და შემთხვევითი გამვლელებისთვის სროლა დაიწყო. ბოლოს მათემატიკის საკლასო ოთახისკენ გაემართა, რომელიც სავსე იყო მოსწავლეებით. კარი დაკეტილი აღმოჩნდა და გასაღებად თოფიდან ისროლა. ვაისს ეცვა შავ კაპიუშონიანი პალტო, შავი შარვალი და სამხედრო შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელები, თავზე კი შემოხვეული ჰქონდა შავი ცხვირსახოცი („ბენდენა”). ოთახში შესვლისას მასწავლებელმა წარმოთქვა: „ღმერთი იყოს ჩვენსკენ.” ამან მოძალადის ყურადღება მიიპყრო და პირველად მას ესროლა. შემდეგ დაუმიზნა მოსწავლე ჩონ გაილა მორისს და ჰკითხა: „გწამს ღმერთის?” მორისის პასუხი უარყოფითი იყო, რის გამოც ვაისმა თავი გაანება და სხვა საკბილოს ძებნა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს ფრაზა გვაგონებს კოლუმბაინის სკოლის ხოცვა-ჟლეტის შემთხვევას.

ვაისმა იერიში მიიტანა 4 მოსწავლეზე და ისინი იატაკზე დაეცნენ. თვითმხილველთა თქმით, ამ ყველაფერს მკვლელი ღიმილით ადევნებდა თვალს. კლასის დატოვების შემდგომ ვაისი გაეშურა სკოლის შესასვლელისკენ, სადაც პოლიციელები იდგნენ. მან სამართალდამცავებსაც გაუხსნა ცეცხლი და ეს შეტაკება დაახლოებით 4 წუთი გაგრძელდა. ვაისს 2 ტყვია მოხვდა, რის გამოც უკან დაიხია, ერთ-ერთ საკლასო ოთახში შევიდა და თავი მოიკლა. მთლიანობაში მისი ხელით დაიხოცა 9 ადამიანი და დაშავდა 5.

 

● იკედას სკოლა
„ყველაფერი მეზიზღება. რამდენჯერმე თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. თუ შეიძლება, სიკვდილი მომისაჯეთ.”

იაპონიაში მომხდარი მკვლელობებიდან ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევა 2001 წლის 8 ივნისს მოხდა იკედას სკოლაში, რომელიც ოსაკა კიოიკუს უნივერსიტეტის შვილობილს წარმოადგენს და ოსაკას პრეფექტურაში მდებარეობს. 37 წლის ყოფილი დამლაგებელი მამორუ ტაკუმა სკოლაში დანით შევიდა და გიჟივით მოქცევა დაიწყო. მთლიანობაში მან დაჭრა 23 ადამიანი და მოკლა 7-8 წლის 8 ბავშვი. საბოლოოდ სკოლის მომსახურე პერსონალმა მისი დაკავება და დაპატიმრება მოახერხა.

თავდასხმის შემდეგ ტაკუმა უკიდურესად დაბნეული იყო. ის გამუდმებით იმეორებდა: „სკოლაში წავედი”, რასაც მოჰყვებოდა ფრაზა: „რკინიგზის სადგურში წავედი და დანით 100 ადამიანი დავჭერი. სკოლაში არ ვყოფილვარ”. ბოლოს კი დააყოლა: „ყველაფერი მეზიზღება. რამდენჯერმე თავის მოკვლაც ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. თუ შეიძლება, სიკვდილი მომისაჯეთ.” სასამართლო პროცესზე მამორუ ტაკუმა გამუდმებით უყვიროდა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ამიტომ ის დარბაზიდან გაიყვანეს. დამნაშავემ უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე და განაცხადა: „ბენზინი უნდა გამომეყენებინა, ასე უფრო ბევრს დავხოცავდი.”

2004 წლის 14 სექტემბერს მამორუ ტაკუმა ჩამოახრჩვეს.
 


● რიო-დე-ჟანეიროს სკოლა
„ბრძოლა, რომელშიც ბევრი ძმა დაიღუპა წარსულში და რომლისთვისაც მეც ვკვდები, მხოლოდ აბუჩად აგდების გამო არ ხდება. ჩვენ ვიბრძვით სასტიკი, ლაჩარი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩაგრავენ კეთილ და სუსტ ადამიანებს, მათ, ვისაც თავის დაცვა არ შეუძლიათ.”

2011 წლის 7 აპრილის დილას 24 წლის ველინგტონ ოლივეირამ რიო-დე-ჟანეიროს დასავლეთში მდებარე ტასო-და-სილვეირას სკოლას მიაშურა, სადაც ადრე თავად სწავლობდა. შენობაში შესვლისას ის მერვე კლასის ოთახისკენ გაემართა და როგორც ამბობენ, დასაწყისში საკმაოდ თავაზიანად იქცეოდა, სათითაოდ მიესალმა მოსწავლეებს. თუმცა შემდეგ .38 და .32 კალიბრიანი რევოლვერებით სროლა ატეხა. მის განსაკუთრებულ სამიზნეს გოგონები წარმოადგენდნენ, ბიჭებს კი მხოლოდ შესაკავებლად ესროდა. მთლიანობაში დახოცა 12 მოსწავლე, მათგან 10 მდედრობითი სქესის იყო.

თავდაპირველი იერიშისას დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე გაიქცა პოლიციის ოფიცერ მარსიო ალვეშთან და მომხდარზე უამბო. ალვეში მეორე სართულზე აძვრა და დამნაშავის ძებნა დაიწყო. შეიარაღებულ ოლივეირას ის მესამე სართულზე წააწყდა. ალვეშმა მას შეჩერება უბრძანა, მაგრამ დაუმორჩილებლობის გამო სხვა გზა რომ არ დარჩა, ფეხსა და მუცელში ესროლა. ოლივეირა იატაკზე დავარდა და რევოლვერით თავი მოიკლა. ამ სცენის მხილველი მეხანძრე გაზეთის ჟურნალისტებს უყვებოდა: „კედლებზეც სისხლია, სკამებზეც.. ასეთი რამ არასდროს მინახავს. თითქოს აშშ-ში ვარ.”

მსგავსი ტიპის მოვლენა ბრაზილიაში პირველი იყო. ველინგტონ ოლივეირას ჯიბეში სიკვდილისწინა ჩანაწერიც ედო, მაგრამ მკვლელობისას წარმოთქმული ფრაზები არ გახმაურებულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოლივეირას სკოლაში მუდმივი შეურაცხყოფის ატანა უწევდა და ჩაგვრის ობიექტი იყო. კლასელები მას „შერმანს” (პერსონაჟი ფილმიდან „ამერიკული ღვეზელი”) უწოდებდნენ, ასევე „საქანელას”, რადგან ცალი ფეხით კოჭლობდა.

შემთხვევამდე 2 დღით ადრე ოლივეირამ ვიდეო გადაიღო, სადაც ამბობდა: „ბრძოლა, რომელშიც ბევრი ძმა დაიღუპა წარსულში და რომლისთვისაც მეც ვკვდები, მხოლოდ აბუჩად აგდების გამო არ ხდება. ჩვენ ვიბრძვით სასტიკი, ლაჩარი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩაგრავენ კეთილ და სუსტ ადამიანებს, მათ, ვისაც თავის დაცვა არ შეუძლიათ.” აშკარა იყო, რომ ოლივეირას ახასიათებდა ზომაზე მეტი მძვინვარება და მიდრეკილება ფსიქოპათიისკენ.

 

● კოლუმბაინის სკოლა
„გწამს ღმერთის?”

1999 წლის 20 აპრილს ორი უფროსკლასელი ერიკ ჰარისი და დილან კლებოლდი კოლორადოში მდებარე კოლუმბაინის სკოლაში შევიდნენ და იქ მყოფ მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნეს. დახოცეს 13 და დაჭრეს 22 ადამიანი. სროლა გრძელდებოდა 49 წუთის განმავლობაში და ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ შემთხვევას წარმოადგენს. შეტევისას კლებოლდი და ჰარისი მსხვერპლებს ესაუბრებოდნენ და სხვადასხვა წყაროები გვიამბობენ, რომ რამდენიმე მათგანს ჰკითხეს, სწამდათ თუ არა ღმერთის.

პირველი მსხვერპლი გოგონა რეიჩელ სკოტი იყო. როგორც თავდაპირველად მედიამ გააშუქა, ჰარისმა მას ჰკითხა: „გწამს ღმერთის?” რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, ჰარისმა კი ესროლა. თუმცა შემდგომ ეს ეპიზოდი უარყოფილი იქნა FBI-ის მიერ. სკოტის მოკვლის შემდეგ ბიჭებმა სხვა მოსწავლეებზე მიიტანეს იერიში. პირველი გასროლიდან 5 წუთში ჯეფერსონის ოლქის შერიფის მოადგილე მივიდა შემთხვევის ადგილას, დაინახა დამნაშავეები და სროლა დაუწყო. ჰარისმა და კლებოლდმა შენიშნეს ის და საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ამ უკანასკნელს მალე გაუთავდა ტყვიები, უკან დაიხია და რაციით სხვა პოლიციელებს მოუხმო.

პირველი სროლიდან 10 წუთში ჰარისი და კლებოლდი ბიბლიოთეკაში შევიდნენ. აქ დახვდათ 52 მოსწავლე, 2 მასწავლებელი და 2 ბიბლიოთეკარი, რომლებიც სისხლიან სცენას გაერიდნენ თავის გადასარჩენად. ჰარისმა მოსწავლეებს დაუყვირა: „ადექით! იმას მიიღებთ, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ქცევით დაიმსახურეთ!” რომ არავინ ადგა, ჰარისმა განაცხადა: „კარგი, მაინც დავიწყებ სროლას.”

ჰარისმა ჩაიმუხლა და მაგიდის ქვემოდან გაიხედა, შემდეგ დაიძახა „Peek-a-boo” (დაახლოებით „ჭიტას” ანალოგი) და იქვე მჯდომ გოგონას ქეისი ბერნოლს თავში ტყვია დაახალა. სროლების დასრულების შემდეგ გავრცელდა ვერსია, რომ ჰარისმა ბერნოლსაც ჰკითხა ღმერთის რწმენის საკითხზე, სანამ მოკლავდა. თუმცა შემდგომ გაირკვა, რომ ეს კლებოლდი იყო და არა ბერნოლს, არამედ ველინ შნურს ჰკითხა. ბიბლიოთეკაში მყოფი დატყვევებული ადამიანების ნაწილი კი ამბობდა, რომ ეს ფრაზა ორივე დამნაშავემ წარმოთქვა.

ბიბლიოთეკაში ყოფნისას ბიჭებმა იპოვეს მათი ნაცნობი ჯონ სევიჯი, რომელმაც ჰკითხა, რას აკეთებდნენ. კლებოლდმა უპასუხა: „უბრალოდ ხალხს ვხოცავთ.” ამის შემდეგ კრიმინალებმა იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ სროლა ისეთ სიამოვნებასა და მღელვარებას აღარ ანიჭებდათ. კლებოლდი: „იქნებ ჯობდეს დანით დავერიოთ, ასე უფრო გავერთობით.” პირველი სროლიდან დაახლოებით 49-ე წუთზე კლებოლდმა და ჰარისმა ერთხმად დაითვალეს: „ერთი, ორი, სამი” და ერთდროულად თავი მოიკლეს. ამ მომენტიდან მხოლოდ 1 საათისა და 1 წუთის შემდეგ შევიდა SWAT-ის ჯგუფი სკოლის შენობაში, გვამები კი 3 საათის შემდეგ იპოვეს.

 

● მონრეალის პოლიტექნიკური სკოლა
„მე ფემინიზმს ვებრძვი”

ქალებზე განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ თავდასხმას ადგილი ჰქონდა 1989 წლის 6 დეკემბერს მონრეალის პოლიტექნიკურ სკოლაში, კანადის პროვინცია კვებეკში. ნახევრად ავტომატური შაშხანით Ruger Mini-14-ითა და დანით შეიარაღებული 25 წლის თეთრქუდიანი მამაკაცი მარკ ლეპინი შევიდა სკოლაში და მცირეხნიანი სიარულის შემდეგ მექანიკური ინჟინერიის კლასისკენ აიღო გეზი. იქ შესულმა მოსწავლეებს სქესის მიხედვით დაყოფა უბრძანა. ოთახში 9 მდედრობითი და 50-მდე მამრობითი სქესის ადამიანი იყო.

ლეპინმა მამაკაცებს გასვლა უბრძანა და ამის შემდეგ გოგონებს ფრანგულად დაუწყო საუბარი: „მე ფემინიზმს ვებრძვი. თქვენ ქალები ხართ და მომავალში ინჟინრები გახდებით. თქვენ ფემინისტთა დაჯგუფება ხართ, მე კი მეზიზღება ფემინისტები.” ამ სიტყვებთან ერთად მან სროლა ატეხა და 6 ადამიანი დახოცა, 3 კი დაჭრა. შემდეგ ოთახიდან გავიდა, შენობაში დაიწყო სიარული და ალალბედზე შემხვედრ გოგონებს ესროდა. ერთ მომენტში კი ზედმეტად მოერია აღგზნება, შევარდა კაფეტერიაში და იქ მყოფ 100 ადამიანს ცეცხლი გაუხსნა. ზოგს წასვლის ნებას აძლევდა, ზოგს კი პირდაპირ ესროდა.

პირველი შეტევიდან 20 წუთის შემდეგ მარკ ლეპინმა თავი მოიკლა, მანამდე კი კიდევ ერთი გოგონა მოკლა დანით. მთლიანობაში დახოცა 14 ადამიანი (ყველანი მდედრობითი სქესის) და დაჭრა 28. ამ ამბავმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, კრიმინალის მიერ წარმოთქმული ფრაზები კი ცხადყოფდა, რომ მისი მთავარი მოტივი ანტიფემინიზმი იყო. გადარჩენილთა ნაწილს ფსიქიკა ძლიერ შეერყა, რამდენიმემ თავი მოიკლა.

 

● ვინენდენის სკოლა
„ჯერ კიდევ არ დახოცილხართ ყველანი?”

ტიმ კრეჩმერი ვინენდენის მხარეში გაიზარდა, სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში. 2009 წლის 11 მარტის დილას ის თავისი ყოფილი სკოლისკენ გაეშურა, თან წაიღო ბერეტას 9 მმ ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, 15 სავაზნე და 200 ვაზნა. ეცვა შავი საბრძოლო ტანისამოსი და ეკეთა აირსაწინააღმდეგო ნიღაბი. სკოლაში შესვლისთანავე გეზი აიღო ქიმიის საკლასო ოთახისკენ, რომელიც 14-15 წლის ბავშვებით იყო სავსე და მაშინვე სროლა ატეხა. 2 წუთში მის მიერ დაიხოცა 8 გოგონა, 1 ბიჭი და 3 ქალი მასწავლებელი. მისი სამიზნეები მდედრობითი სქესისანი იყვნენ და ყოველთვის თავში უმიზნებდა.

ხოცვა-ჟლეტისას კრეჩმერი ოთახიდან მინიმუმ სამჯერ გავიდა და შემდეგ ისევ შებრუნდა. ბოლო შესვლისას წამოიძახა: „ჯერ კიდევ არ დახოცილხართ ყველანი?” ეს ჟრუანტელის მომგვრელი ფრაზა ცხადყოფს, რომ მკვლელს სიცოცხლისადმი საოცრად გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა. სროლის ატეხვიდან მალევე სკოლის დირექტორმა კოდური შეტყობინება გადაუგზავნა ყველა მასწავლებელს, რომ შენობაში შეიარაღებული და საშიში პიროვნება იმყოფებოდა.

პირველი გასროლიდან ორ წუთში სკოლაში 3 პოლიციელი მივიდა და კრეჩმერის შეჩერება მოახერხეს. ის სკოლიდან გაიქცა და ახლომდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან 56 წლის მებაღე მოკლა. შემდეგ ჩაუჯდა ერთ-ერთ მძღოლს, იგორ ვულფს და იარაღის შიშით აიძულა, იქაურობას სწრაფად გასცლოდა. მანქანაში ყოფნისას ვულფმა ჰკითხა კრეჩმერს, თუ რატომ დახოცა ბავშვები, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „გართობისთვის, უბრალოდ ვერთობოდი.” ასევე დაამატა: „როგორ გგონია, მივაგნებთ სხვა სკოლას?” ამის შემდეგ ვულფმა საუბრის თემა შეცვალა.

მალე ვულფმა მანქანა გზიდან გადაიყვანა ბალახიან მიწაზე, კარი გააღო და გადახტა. კრეჩმერმა თავის დაღწევა მოახერხა და Volkswagen-ის ავტომობილების საგამოფენო დარბაზში შეიჭრა, სადაც კიდევ 2 ადამიანი დახოცა, მათგან თითოეულს 13 ტყვია დაახალა. შემდეგ შენობიდან გარეთ გავიდა და ყველა მიმართულებით სროლა დაიწყო. ამ დროს ვიღაცამ მობილური ტელეფონით დაიწყო გადაღება და აღბეჭდა, თუ როგორ დაიჭრა კრეჩმერი ფეხში პოლიციელის მიერ. მაგრამ ჩანაწერი მხოლოდ ამ ეპიზოდს მოიცავს და მასში არ შედის შემდეგი, უფრო მთავარი ეპიზოდი – კრეჩმერის თვითმკვლელობა. იმ დღეს მთლიანობაში 15 ადამიანი დაიხოცა მისი ხელით.

შემთხვევამდე 1 დღით ადრე ტიმ კრეჩმერი ინტერნეტში საუბრობდა მასობრივი მკვლელობის მოწყობის შესახებ. „ვერავინ ხედავს ჩემს პოტენციალს. სერიოზულად ვამბობ, რომ მაქვს იარაღებიც და დილით წავალ ჩემს ყოფილ სკოლაში. კარგად მისმინეთ. ხვალ ჩემს შესახებ გაიგებთ. დაიმახსოვრეთ მოვლენის ადგილი – ვინენდენი.”

 

● გუტენბერგის გიმნაზია
„ბატონო ჰაიზე, დღეისთვის საკმარისია”

გერმანიის ქალაქ ერფურტში გაზრდილი რობერტ შტაინჰაუზერი ერთი შეხედვით ნორმალური მოზარდი ჩანდა. 2001 წლის ოქტომბერში ის გუტენბერგის გიმნაზიიდან გარიცხეს, რადგან ყალბი სამედიცინო მოწმობა გამოიყენა. ამან შტაინჰაუზერი უკიდურესად გააცოფა და შურისძიება გადაწყვიტა. 2002 წლის 16 აპრილს 19 წლის რობერტი შეიარაღდა 9 მმ პისტოლეტ Glock 17-ით და Mossberg 590 საფანტის თოფით, რის შემდეგაც გიმნაზიისკენ გაეშურა. შენობაში შესვლისას ტანისამოსი გამოიცვალა და ნინძასავით გამოეწყო, გაიკეთა ნიღაბიც.

ამის შემდეგ შტაინჰაუზერმა Glock 17 ამოიღო და კლასიდან კლასში სიარული დაიწყო. ჩერდებოდა კარებთან და ესროდა მასწავლებლებს. რობერტის სამიზნეები მოსწავლეები არ ყოფილან, მისი სურვილი გიმნაზიის თანამშრომელთა ამოხოცვა იყო. 5 წუთში შემთხვევის ადგილას პოლიცია მივიდა. რობერტმა ფანჯრიდან გადაიხედა და ერთ-ერთ ოფიცერს თავში ესროლა. შემდეგ ნიღაბი მოიხსნა და ამ დროს შეეჩეხა მასწავლებელს, რაინერ ჰაიზეს. მან ღრმად ჩახედა თვალებში მკვლელს და უთხრა: „შეგიძლია მესროლო!” რაზეც შტაინჰაუზერმა უპასუხა: „ბატონო ჰაიზე, დღეისთვის საკმარისია.”

ჰაიზემ შტაინჰაუზერი ცარიელ საკლასო ოთახში შეიტყუა და ჩაკეტა. რამდენიმე წუთში შტაინჰაუზერმა თავი მოიკლა. მთლიანობაში მან დახოცა 16 ადამიანი – 13 მასწავლებელი, 2 მოსწავლე და 1 პოლიციელი. ასევე დაიჭრა 1 ადამიანი. მისი ბოლო სიტყვები მწერალ ინეს გეიპელის მიერ სისხლისღვრის შესახებ დაწერილი მოთხრობის სათაურად იქცა.

FavoriteLoading ჩაინიშნე პოსტი
  1. ფაქტები რა თქმა უნდა შემზარავია, მაგრამ აბა როგორ არ გითხრა, რომ შენი ბლოგი ჩემთვის ყველაზე ფავორიტი ბლოგია :) ზერელედ არასდროს არ ეკიდები სტატიას, ყოველთვის ბოლომდე იხარჯები.

  2. “მონრეალის პოლიტექნიკური სკოლაზე” ფილმიცაა გადაღებული, Polytechnic ჰქვია თუ არ ვცდები

  3. ვაახ, რა სადისტობაა :(

  4. კოლუმბაინის სკოლაში მომხდარ ამბავზე ძალიან მაგარი ფილმია გადაღებული: http://www.imdb.com/title/tt0363589/

  5. რა მაგარია! ყველაფერი შესანიშნავად გაქვს დაწერილი. ზუსტად ისაა რაც მაინტერესებდა
    მადლობა

  6. 1996 წლის 2 თებერვალს 14 წლის ბიჭი ბარი ლუკაიტისი შევიდა ფრონტიერის სკოლაში (ვაშინგტონის შტატი, აშშ) და დახოცა თავისი ალგებრის მასწავლებელი და 2 მოსწავლე. ლუკაიტისს ისე ეცვა, როგორც ველური დასავლეთის დუელში მონაწილეებს, ასევე მოსხმული ჰქონდა შავი ლაბადა, შეიარაღებული იყო სანადირო თოფითა და 2 პისტოლეტით. კლასში შესვლისას სახეზე მრისხანება ეტყობოდა და მაშინვე დაიყვირა: „ეს ალგებრაზე უფრო მაგარია, არა?” ფრაზა მან ამოიკითხა სტივენ კინგის ნოველაში „მძვინვარება”.

    „მძვინვარება” 1997 წელს თუ გამოვიდა იმან 1996 ში რანაირად წარმოსთქვა არ გამოსული ნაწარმოებიდან ამოკითხული სიტყვები? ;

დატოვე კომენტარი