10 მნიშვნელოვანი საკითხი უცხოპლანეტელების შესახებ


ამ მომენტში ძნელია დაზუსტებით თქმა, მარტონი ვართ სამყაროში თუ ჩვენ გარდა სხვაგანაც არის სიცოცხლე. უცხოპლანეტელების თემა მრავალი ადამიანის ინტერესის სფეროა და დროთა განმავლობაში გარკვეული შეხედულებებიც ჩამოყალიბდა, რომელთა მიხედვითაც ისინი დიდწილად ჩვენი მსგავსნი არიან. ზოგადი აზრის განვითარებაში თავისი როლი ითამაშა ფილმებმა და ხელოვნების სხვა დარგებმა. მოდი, დროებით ჩავთვალოთ, რომ კაცობრიობამ მიაღწია განვითარების იმ დონეს, რომ გაუჩნდა შანსი, დაამყაროს პირველი კონტაქტი უცხოპლანეტურ სახეობასთან ან ცივილიზაციასთან. რა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ მათ შესახებ? რა საკითხებით უნდა დავინტერესდეთ პირველ რიგში? არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც როგორც მეცნიერებაში, ისე სამეცნიერო ფანტასტიკაში წამყვან ადგილს იკავებს.


 


● როგორ გამოიყურებიან?
გარდა იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობას უცხოპლანეტელები ჰუმანოიდურად წარმოუდგენია (ორ ფეხზე მდგარი, ტანის ზედა ნაწილიდან გამოსული ორი კიდური, თავი ცხვირით, პირით, ყურებითა და თვალებით), სხვა შემთხვევებშიც მათ დედამიწაზე მობინადრე არსებებს ვამსგავსებთ. მაშინაც კი, როცა სამეცნიერო ფანტასტიკაში შემოაქვთ არაჰუმანოიდური გარეგნობის უცხოპლანეტელები, ისინი საოცრად ჰგვანან დედამიწის ფაუნის წარმომადგენლებს: რეპტილიებს, ამფიბიებს, კიბოებსა და მწერებს, ოღონდ მათი ზომა უტოლდება ან აღემატება ადამიანისას. თუმცა ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს – ჯერჯერობით მხოლოდ დედამიწაზე არსებული სიცოცხლე გვაქვს შესწავლილი და ავტომატურად ვაკეთებთ დასკვნას, რომ ევოლუციური გზა სხვაგანაც ანალოგიურად განვითარდება. ჩვენ ვასკვნით, რომ მოაზროვნე არსებამდე მისაღწევად საჭიროა პირველ რიგში მრავალუჯრედულ ფორმაზე გადასვლა, რათა მივიღოთ სააზროვნო ორგანო – ტვინი, განვითარდეს ჩონჩხი, რათა ორგანიზმმა დაძლიოს გრავიტაცია და ჰქონდეს დამცავი ფარი. უნდა გამოიზარდოს კიდურების ერთი წყვილი გადაადგილებისთვის და ერთი წყვილი – იარაღების გამოყენებისთვის, ჰქონდეს გრძნობის ორგანოები სამყაროს აღსაქმელად, სხეული გახდეს ძლიერი, რათა გადარჩეს შესაბამის ეკოსისტემაში, საბოლოოდ კი ტვინს ჩამოუყალიბდეს ცნობიერებისა და ლოგიკური აზროვნების უნარები.

როგორც აღინიშნა, ამ ყველაფერს ვასკვნით იმაზე დაკვირვებით, რასაც ვხედავთ და რაც ვიცით, შესაბამისად ვვარაუდობთ, რომ ევოლუცია სხვაგანაც ანალოგიურ ბიომრავალფეროვნებას წარმოშობს. მაგრამ არაა აუცილებელი, უცხოპლანეტელები ჩვენი ზომისანი იყვნენ. მოაზროვნე არამიწიერი არსებების ზომა შეიძლება პატარა შენობას ან სატვირთო მატარებელს გაუტოლდეს. არც ისაა აუცილებელი, ჰქონდეთ ისეთი თავები ან კიდურები, როგორსაც დედამიწაზე ვხედავთ. შესაძლოა, არც კანი ჰქონდეთ და მის მაგივრად ფარავდეთ ცელულოზის გარსი ან მსგავი ეგზოტიკური საფარველი. უფრო გასაოცარია ისეთ უცხოპლანეტურ სიცოცხლის ფორმებზე ფიქრი, რომლებიც საერთოდ არ იზიარებენ ჩვენს ბიოქიმიას. არსებობს მოსაზრება, რომ თუკი სიცოცხლის საწყისი იქნება სილიკონი, მაშინ ორგანიზმი მიიღებს კრისტალურ სტრუქტურას და იარსებებს მაღალ ტემპერატურაზე, თუმცა სილიკონის სიცოცხლე არ იქნება ისეთი მოქნილი და ადაპტირებული, როგორიც ნახშირბადისაა.

 


● რა არის მათი ენერგიის წყარო?
როგორი გარეგნობაც გინდა ჰქონდეთ, უცხოპლანეტელებს სჭირდებათ საარსებო წყარო – ეს ისაა, რაც მინიმუმ ჩვენს სამყაროში ფიზიკის კანონებით დგინდება. თუკი ჩავთვლით, რომ მათ სხეულში იგივე პროპორციის ქიმიური ელემენტებია, როგორიც ჩვენსაში, მაშინ ჩვენი მსგავსი დიეტა უნდა ჰქონდეთ. თუმცა როგორ იკვებებიან და რას ჭამენ, განსაზღვრავს მათ ბევრ მახასიათებელს, დაწყებული ანატომიიდან დამთავრებული სოციალური სტრუქტურით, ეკონომიკის სისტემითა და სიცოცხლის სხვა ფორმებისადმი დამოკიდებულებით. რა ვიქნებით მათთვის – მსხვერპლი? მტაცებელი? მეტოქე? მდიდარი პლანეტის აბეზარი მობინადრეები თუ პრიმიტიული, საძაგელი არსებები? იქნებ პირიქით – მათი კვების ან ორგანიზმის სისტემაა ისეთი, რომ ისინი ხდებიან ჩვენთვის მიუღებელი და ამაზრზენი არსებები (მაგალითად, მათი სხეულის დიდი ნაწილი უჭირავს ამიაკს)? საკვების ძიებაში არიან თუ პლანეტა საკმარის რესურსებს აწვდის?

ენერგიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო, მაგრამ შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ ამუშავებენ თავიანთ ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიას. თუკი მათაც აქვთ წყალზე მოტივტივე გემები და განათების სისტემა, შეიძლება ეს იყოს განსხვავებული მეთოდი და ჩვენს ტექნოლოგიასაც მიესადაგოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს იქნება ენერგიის გამოყოფისა და დაგროვების უფრო იაფი საშუალება და არ იქნება დაფუძნებული ისეთ რესურსზე, რომელიც დედამიწას არ გააჩნია.

 


● როგორია მათი ისტორია?
დაახლოებით 3.5 მილიარდი წელი დასჭირდა იმას, რომ უნივერსალური წინაპრიდან ადამიანი ჩამოყალიბებულიყო. ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა უამრავ ბუნებრივ კატასტროფას, არსებობდნენ გიგანტური ქვეწარმავლები, ჩამოყალიბდა იმპერიები, რელიგიები, ერები, ჯარები, კოლონიები, მოხდა უამრავი ადგილობრივი, მსხვილი და ორი მსოფლიო ომი, გვყავდნენ უდიდესი მნიშვნელობის მოაზროვნეები. ისტორიაში მრავალი ისეთი მოვლენაა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ ან სასირცხვილოდ მივიჩნიოთ, თუმცა უდავოა, რომ მოსაყოლად ძალიან საინტერესოა. მაგრამ რას მოგვიყვებიან უცხოპლანეტელები? იყო თუ არა მათი განვითარების გზაზე ისეთი მრავალფეროვნება, როგორიც ჩვენთან? გამოსცადა თუ არა მათმა პლანეტამ ცოცხალი ორგანიზმების გადაშენების პერიოდები, რასაც შესაძლოა ინტელექტუალური არსებების განვითარება მოჰყვა? დაიყვნენ თუ არა განსხვავებულ ერებად? ჰყავს თუ არა თითოეულ ერს თავისი მმართველი ძალა?

მეთოდი, რომლითაც უცხოპლანეტელები ჩვენთან კონტაქტს დაამყარებენ, განსაზღვრული იქნება მათი ისტორიით. საზოგადოება, რომლისთვისაც უცხო იქნება ძალადობა, სხვა ინტელექტუალურ საზოგადოებასთან სავარაუდოდ კეთილშობილური მიზნებით დაამყარებს კონტაქტს. თუმცა ასევე იქნებიან ფრთხილები, რადგან ეცოდინებათ, რომ შესაძლოა არსებობდნენ ისეთი ცივილიზაციები, რომლებიც მათნაირ ჰარმონიაში არ ცხოვრობენ. მეორე მხრივ, საზოგადოებას, რომლის შემადგენელი ნაწილიც გახდა კონფლიქტები (ჩვენი არ იყოს), ექნება ურთიერთობის ორი სახე – დიპლომატიური და სამხედრო. მეცნიერთა ნაწილი, მაგალითად სტივენ ჰოკინგი, ვარაუდობს, რომ თუკი ოდესმე ჩვენზე განვითარებულ ცივილიზაციასთან გვექნება კონტაქტი, ისინი ეცდებიან, მოახდინონ ჩვენზე დომინირება და დაგვიმორჩილონ, რასაც მიაღწევენ როგორც ძალის გამოყენებით, ისე დაშინებით. საბოლოოდ კი გავიზიარებთ ინდიელების ბედს, როდესაც მათ ევროპელები ეწვივნენ.

 


● რამდენად ელიან ჩვენთან კონტაქტს?
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტს მათგანაც მოჰყვება ანალოგიური ინტერესი და ცნობისმოყვარეობა, ასევე ექნება ორმხრივი სარგებელი, როგორიცაა მეცნიერული თანამშრომლობა, კოსმოსის კვლევა, რესურსების გაცვლა და ხელოვნების საერთო ნიმუშების შექმნაც კი. ასევე განჭვრეტილი გვაქვს ის უარყოფითი ეფექტებიც, რაც შეიძლება მათი მხრიდან გამოვლენილ ძალადობას მოჰყვეს. თუმცა ძალადობას რომც არ მიმართონ, არ ნიშნავს, რომ ჩვენს დამორჩილებას არ ეცდებიან. ჩვენ, ადამიანები, საარსებოდ ვიყენებთ მცენარეებსა და ცხოველებს და, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, ცხოველების უფლებები დავიცვათ და მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ფაქტი ისაა, რომ მათ ვიყენებთ ჩვენი მიზნებისთვის, რაც სიცოცხლის ფასად უჯდებათ ხოლმე. რამდენად შესაძლებელია, ჩვენზე განვითარებულმა ცივილიზაციამ მათ სასარგებლოდ გამოგვიყენოს? იქნებ ისინიც უფრო მოწინავე რასისგან ელიან კონტაქტს და გულგატეხილები დარჩებიან? როგორც ზემოთაა ნათქვამი, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ამ ეტაპზე კაცობრიობა არ უნდა ცდილობდეს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებას.

 


● რამდენად ინტელექტუალურები არიან?
სამწუხაროდ ამ საკითხზე მსჯელობისას ვიზღუდებით ჩვენი ინტელექტიდან გამომდინარე. თუკი ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან, პირველ რიგში ვიფიქრებთ, რომ მეტად განვითარებული მეცნიერება და ტექნოლოგია აქვთ, როგორც ნეანდერტალელები წარმოიდგენდნენ (თუკი მსგავსი რამ შეეძლოთ), რომ მათზე მოწინავე არსებები უფრო დახელოვნებულები იქნებოდნენ ნადირობასა და იარაღების დამზადებაში, მაგრამ ნაკლებად იფიქრებდნენ ხელოვნებაზე, დიპლომატიაზე, მეტაფიზიკაზე, მეტყველებაზე. რა შეიძლება განვითარებულ უცხოპლანეტელებს ჰქონდეთ ისეთი, რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგინოთ, მიუხედავად მეცნიერული პროგრესისა?

მივუბრუნდეთ ისევ ნეანდერტალელებს და წარმოვიდგინოთ, რომ მივაგენით უცხოპლანეტელებს, რომლებიც განვითარებით მათ დონეზე არიან. ისინი კონტაქტს უფრო სხვანაირად აღიქვამენ, ვიდრე ჩვენ. ისინი შეზღუდული იქნებიან მათი ტვინის შესაძლებლობებით და შეიძლება ვერც ჩაწვდნენ კომუნიკაციის ჩვენებურ მეთოდებს. ეს გამოიწვევს ჩვენს დადარდიანებას, რადგან გეგმები ჩაგვეშლება. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ კონტაქტი დავამყარეთ ჩვენზე გაცილებით წინ წასულ რასასთან, რომლებსაც ისე შევეფარდებით, როგორც ნეანდერტალელები – ჩვენ. შევძლებთ ურთიერთობის აწყობას თუ მათაც იმედგაცრუება ელით? ან იქნებ უკვე გადავლახეთ ის მინიმალური ზღვარი, რომლითაც ნებისმიერ ცივილიზაციასთან შეიძლება კონტაქტი?

ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის მიერ შექმნილი კოსმიციზმის იდეა ასე თუ ისე ესადაგება ამ საკითხს. ის აღწერს კაცობრიობის უუნარობას, ჩაწვდნენ იმ დიდ ძალებს, რომლებიც მართავენ სამყაროს, რადგან სამყაროს დიდ სქემაში ადამიანს ისეთივე უმნიშვნელო ნაწილი უკავია, როგორც მცენარეებსა და მწერებს.

 


● აქვთ თუ არა განვითარებული ხელოვნური ინტელექტი?
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაშრომებში ხშირად წააწყდებით ხელოვნური ინტელექტის თემას. ჩვენ ვიცით, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნა და განვითარება შეიძლება ისე არ მოხდეს, როგორც წარმოგვიდგენია და კაცობრიობის სამსახურში დგომის ნაცვლად მის მტრად იქცეს. შესაძლოა, ეს ვარაუდი გადაჭარბებულია და რეალობასთან ნაკლებად იყოს ახლოს, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ხელოვნური ინტელექტის კონტროლი მაინც საჭიროა. სპეციალური ორგანიზაციაც კი არსებობს, სახელად სინგულარობის ინსტიტუტი, რომელიც იკვლევს მოსალოდნელ საფრთხეებსა და სარგებელს.

თუმცა ჩვენ არ გვაქვს წვდომა იმაზე, თუ რა გეგმები აქვთ სხვა ცივილიზაციებს და შესაძლოა, სადმე ვიღაც უკვე ამზადებდეს ხელოვნურ ინტელექტს, ან უკვე დაასრულა კიდეც. შესაძლოა, უცხოპლანეტურმა ხელოვნურმა ინეტელექტმა ჯერ მათი შემქმნელი ცივილიზაცია გაანადგუროს, შემდგომ კი ჩვენთვისაც საფრთხედ იქცეს. ამ სცენარის ალბათობა მაღალი არაა, თუმცა განხილვად ღირს.

 


● როგორ ფიქრობენ და გამოხატავენ ემოციებს?
მიუხედავად იმისა, ინტელექტის რა დონე აქვთ, ვერ ვიტყვით, რომ უცხოპლანეტელები ჩვენნაირად ფიქრობენ. არაა აუცილებელი, მათი მეხსიერების ფუნქციები ჩვენს მსგავსად მოქმედებდეს, კომუნიკაციას სალაპარაკო ენით ახდენდნენ, ისევე აღიქვამდნენ დროსა და სივრცეს, როგორც ჩვენ. ბევრისთვის გასაოცარი იქნება იმის გაგება, თუ როგორ განსხვავდება კოგნიტიური პროცესები კულტურის მიხედვით. მაგალითად, ამაზონის ხეობაში მობინადრე პირაჰას ტომისთვის, კარლ სეიგანის თქმით, რიცხვ ერთის ცნება მათი არითმეტიკის საფუძველია. როცა მათ დათვლა თხოვეს, ისინი მხოლოდ სამ ფრაზას იყენებდნენ: დაახლოებით ერთი, ერთზე მეტი და ბევრი. გავითვალისწინოთ, რომ ისინი არიან ადამიანები, ისეთივე აგებულებითა და სტრუქტურით, როგორც ჩვენ. ახლა მოვახდინოთ ამ სხვაობის მისადაგება ჩვენსა და უცხოპლანეტელების ტვინებთან – სხვაობა მრავალი იქნება, არითმეტიკა მხოლოდ მარტივი მაგალითია.

არანაკლებ საინტერესოა იმის ცოდნა, თუ როგორი ემოციები აქვთ მათ. ჩვენს შემთხვევაში ისინი ევოლუციის ნაყოფია და ორგანიზმის განვითარების შესაბამისად ჩამოყალიბდა, შესაბამისად ჩვენი ემოციები ჩვენი უნიკალური ევოლუციური ისტორიის შედეგს წარმოადგენს. სავსებით შესაძლებელია, უცხოპლანეტელები ვერ მიხვდნენ, რა დანიშნულება აქვს სიცილს, ვერ ჩაწვდნენ ჯიბრის არსს, არ ჰქონდეთ შიშის ან მოწიწების განცდა. მსგავსადვე, შეიძლება მათ ჰქონდეთ ისეთი ემოციები, რომლებსაც ჩვენ ვერ გავიგებთ ან ვერც კი წარმოვიდგენთ. ამან კი შეიძლება საპლანეტთაშორისო დიპლომატიის დამყარება გაართულოს.

 


● რა ცოდნა აქვთ სამყაროზე?
არსებობენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები, სამყაროსთან დაკავშირებული ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ჯერ თითქმის არაფერი ვიცით. შესაძლოა, ზოგი ცივილიზაციები ყველას თუ არა, უმეტეს ფიზიკურ ფენომენებს მაინც გაცილებით ღრმად ჩაწვდნენ, ვიდრე ჩვენ, უკვე განმარტეს ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის თვისებები, უფრო მეტი იციან სამყაროს წარსულზე, ვიდრე ჩვენ და ისიც განსაზღვრეს, სად შეიძლება წააწყდნენ ცოცხალ არსებებს. გამორიცხული არაა, მათმა ნაწილმა სივრცე-დროზე მანიპულირებაც მოახერხა და ამას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. თუკი მოინდომებენ ამ ცოდნის ჩვენთვის გაზიარებას, ცხადია, შეუფასებელ სარგებელს მივიღებთ. თუმცა მეხუთე პუნქტში უკვე აღინიშნა, რომ ეს ისაა, თუ როგორ აღვიქვამთ უცხოპლანეტელების ცივილიზაციის განვითარებას ჩვენ, რადგან ინტელექტუალურად შეზღუდულები ვართ. შესაძლოა, არამიწიერ ცივილიზაციას სხვა პრიორიტეტები ჰქონდეს.

 


● როგორ იცავენ თავს გადაშენებისგან?
ცოცხალი ორგანიზმების არსებობას საფრთხე ექმნება როგორც ადგილობრივი (ბუნებრივი კატასტროფა, ეპიდემიები), ისე მასშტაბური (პლანეტის განადგურება) ან სამყაროსეული (დიდი გახლეჩა) პროცესებისგან. ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუშალოთ დაავადების გავრცელებას ან ავიცილოთ ბირთვული ჰოლოკოსტი, მაგრამ ვერ შევაჩერებთ გამა სხივების აფეთქებას ან სუპერნოვას. მომავალში ჯერ დედამიწა, შემდეგ კი შეიძლება სამყაროც გადავიდეს იმ მდგომარეობაში, რომელიც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი აღარ იქნება. რა ნაბიჯებს დგამენ არამიწიერი ცივილიზაციები იმისთვის, რომ თავიანთი არსებობა გაახანგრძლივონ?

არც ისე დიდი ხნის წინ, როცა დიდი შეკუმშვა ითვლებოდა სამყაროს აღსასრულის ყველაზე მოსალოდნელ სცენარად, ფიზიკოსმა ფრენკ ტიპლერმა წამოაყენა მოსაზრება, რომ უნდა შეგვექმნა უსასრულოდ ძლიერი კომპიუტერი, რომელიც მთლიანად აითვისებდა დიდი შეკუმშვისგან წარმოქმნილ ენერგიას. მისი თქმით, კომპიუტერი შეძლებდა ამ ენერგიით აღედგინა ის სიცოცხლის ფორმები, რომლებიც მანამდე არსებობდა. ობიექტური დროის ბოლო წამზე კომპიუტერი შექმნიდა სუბიექტური დროის უსასრულო რაოდენობას, რომლებშიც განახორციელებდა სამყაროს ყველანაირ შესაძლო კვანტურ მდგომარეობას, მათ შორის სიცოცხლის ყველა ფორმას. ამ ყველაფრის მოტივი ისაა, რომ ვარეზერვებთ რა საკუთარ თავებს, სამყაროს სასრულობის მიუხედავად სიცოცხლის არსებობას ვაქცევთ უსასრულოდ.

 


● სად არიან?
ჩვენი შეზღუდული ცოდნიდან გამომდინარე, შდგენილი გვაქვს კრიტერიუმები, თუ რომელ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ სიცოცხლე და უკვე აღმოვაჩინეთ კიდევაც დედამიწის რამდენიმე ანალოგი. თუმცა ცუდი სიახლე ისაა, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება ზოგადად სიცოცხლის და განვითარებული ცივილიზაციის არსებობისთვის ხელსაყრელი პირობები. შესაბამისად, შეიძლება ჩვენი აღმოჩენილი პლანეტებიდან არცერთზე იყოს ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმები. მეორე მხრივ, სამყაროს მასშტაბები ადამიანის გონებისთვის ძნელად აღსაქმელია და ჩვენ მხოლოდ მისი მცირე მონაკვეთი გამოვიკვლიეთ, ისიც არასრულყოფილად. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის მიღმა განვითარებული სიცოცხლის არსებობას არც ისე დაბალი ალბათობა აქვს. მაგრამ აქ კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტს ვეჩეხებით – სამყაროს კვლევაში გვზღუდავს ტექნოლოგია, რომელსაც თავისი ლიმიტი გააჩნია. თანამედროვე ფიზიკაში მიჩნეულია, რომ სინათლეზე სწრაფად მოგზაურობა შეუძლებელია, რაც დიდი მანძილების დაფარვაში ხელს გვიშლის, თუკი ცხადია, დრო-სივრცეზე მანიპულირებას არ ვისწავლით.

თუმცა გინდაც ეს პრობლემა დავძლიოთ და დროისა და სივრცის გამრუდება ვისწავლოთ, ხელსაყრელი პლანეტების ძიება მარტივი არ იქნება. პლანეტის დედა-ვარსკვლავისგან დაშორების გარდა მრავალი კრიტერიუმი არსებობს, როგორიცაა ვარსკვლავის ზომა, მისი სიკაშკაშე, პლანეტის ორბიტა და დახრილობა, ღერძის გარშემო ბრუნვა, ატმოსფეროს შემადგენლობა, იგივე ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი სხვა პლანეტების მონაცემები (რაც ახდენს დასახლებადი პლანეტის ორბიტის სტაბილიზებას და იცავს ასტეროიდებისა და კომეტებისგან), ასევე გალაქტიკის ფორმა და აქტიურობაც ყურადსაღები ფაქტორებია.

მიუხედავად ყველაფრისა, უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ვერ მოხერხდება კოსმოსში ნავარდი უცხოპლანეტელების აღმოსაჩენად. თუკი მათთან კონტაქტი ჩვენს სიცოცხლეში მოხდება, ამის მიზეზი დიდი ალბათობით მათი ინიციატივა იქნება.

About these ads

3 responses to “10 მნიშვნელოვანი საკითხი უცხოპლანეტელების შესახებ

  1. : )) 24/05/2013 at 3:38 PM

    ძლიან საინტერესო პოსტია,ძალიან საინტერესო თემაზე : ))

  2. Zura Kupatadze 29/05/2013 at 2:49 AM

    “ჭეშმარიტად გონიერი არსება შეუძლებელია მტრულად იყოს განწყობილი” – არტურ კლარკი. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ ცხოველები ვართ და ევოლუციაც ვეღარ შეგვეხება, გარემო პირობებს ჩვენ ჭკუაზე ვცვლით… ერთადერთი ვარიანტი რჩება

  3. Pingback: როგორები იქნებიან უცხოპლანეტელები? | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 755 other followers

%d bloggers like this: